იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა.

დღეს გასაუბრებას ორი კანდიდატი გაივლის. ესენი არიან: გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე  ნიკოლოზ მარსაგიშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე.

პირველი საბჭოს წევრთა კითხვებს ნიკოლოზ მარსაგიშვილი პასუხობს. კანდიდატმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში, განაცხადის შემოტანის მოტივაციაზე ისაუბრა.

„საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლის უფლებამოსილებას ვახორციელებ უკვე 11 წლის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი პირადი თვისებებიდან, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მაქვს ამბიცია, რომ გამამწესონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ვფიქრობ, რომ შემიძლია შევიტანო წვლილი ამ სასამართლოს ეფექტიან მუშაობაში, საქართველოში ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. ეს არის ჩემი მოტივაცია. თუნდაც ის, რომ მე წარდგენილი შეიძლება ვიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, ჩემი პროფესიონალიზმისთვის უკვე რაღაცას ნიშნავს“, – განმარტა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.