იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ ლომიძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა.
პირველი საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლე მერაბ ლომიძე პასუხობს. მან გასაუბრების დაწყების წინ საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა.
„სასამართლო სისტემაში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება მაქვს. 2001 წლის სექტემბერში მივედი უზენაეს სასამართლოში, ექვსი თვე ვიყავი საზოგადოებრივ საწყისებზე, 2002 წლის მარტიდან, ხუთი წელი და ექვსი თვე ვმუშაობდი თანაშემწედ, მერე ვიყავი განყოფილების უფროსი, სამდივნოს უფროსი. 2007 წლის ნოემბრიდან უკვე ვარ მოსამართლე, სამი წელი საქალაქოში ვიყავი და ცხრა წელი გახდება ნოემბერში, რაც აპელაციაში ვარ მოსამართლე. მე ვფიქრობ, რომ ეს 18-წლიანი გამოცდილება, საიდანაც თითქმის 12 წელი ვარ მოსამართლე, მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ უზენაეს სასამართლოში შევძლო მუშაობა“, – განმარტა მერაბ ლომიძემ.
დღეს გასაუბრების ეტაპს კიდევ ერთი კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლე, გენადი მაკარიძეც გაივლის.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. 50 კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კი საბჭო, ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.