იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი ტყავაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი ტყავაძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი ტყავაძეს უსმენენ.

კანდიდატი არის 40 წლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლე და ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე.

გასაუბრებაზე შესვლამდე გიორგი ტყავაძემ, მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ის მზად არის დღეს ყველა კრიტიკული კითხვის მოსასმენად. მისივე თქმით 50-კაციან სიაში ბევრი ღირსეული კანდიდატია.

გიორგი ტყავაძემ, საკუთარ მოტივაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„19-წლიანი მუშაობის უწყვეტი სტაჟი გამაჩნია, მათ შორის 11 წლის სტაჟი მოსამართლედ მუშაობის. ნამუშევარი მაქვს, როგორც რაიონულ, ასევე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში. პირველმა ჩავაბარე ადვოკატის გამოცდა საქართველოს ისტორიაში, ვარ ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება უნდა მოვახმარო საქმეს, რომელსაც ვემსახურები 19 წლის განმავლობაში”,-განაცხადა გიორგი ტყავაძემ.

კანდიდატი გიორგი ტყავაძე ერთ-ერთია, ვინც 2018 წლის 24 დეკემბერს, იუსტიციის საბჭოს მიერ გასაჯაროებულ უზენაესი სასმართლოს 10-კაციან სიაში მოხვდა. საბჭოს არამოსამართლე წევრებს ძირითადი კითხვები სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქვთ.

დღეს იუსტიციის საბჭო კიდევ ერთ კანდიდატს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს,
ლალი ფაფიაშვილს მოუსმენს.