იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

გენადი მაკარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. კანდიდატმა გასაუბრების დაწყების წინ საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა.

„ეს არის ის ინსტანცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ, თუ როგორ განვითარდეს სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც სადავოდ იყო მხარეებს შორის. მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო სასამართლოს განვითარებაში. მთელი ჩემი ბიოგრაფია მხოლოდ სასამართლოს სისტემას უკავშირდება. ხელისუფლების ეს შტო ჩემთვის კარგი გაგებით ოჯახივით არის. ვგულისხმობ, რომ სასამართლო სისტემის განვითარების ყველა ეტაპმა ჩემს თვალწინ გაიარა. ის გამოცდილება რაც შევიძინე, არის საფუძველი, უზენაესი სასამართლოდან ჩემი წვლილი ჩავდო“, – განაცხადა გენადი მაკარიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. 50 კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კი საბჭო, ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.