იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე იაშვილს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე იაშვილს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ალექსანდრე იაშვილთან მიმდინარეობს გასაუბრება.

კანდიდატი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა. 2018 წლიდან კი, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე. გასაუბრების დაწყებისას კანდიდატმა, საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა.

„ჩემს სამოსამართლო საქმიანობას, მათ შორის ჩემს მოღვაწეობას საჯარო სამსახურსა და პედაგოგიურ საქმიანობას ყოველთვის გასდევს სახელმძღვანელო პრინციპად დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და შესაბამისად მაღალი ეთიკური ქცევის სტანდარტი. ჩემი აზრით, ეს არის ჩემი დადებითი მხარე და უპირატესობა. ორიენტირებული ვარ, თითოეული საქმის შემთხვევაში, მაქსიმალურად ადამიანის უფლებაზე დაფუძნებულ მიდგომაზე, მიუკერძოებელი და მაქსიმალურად დამოუკიდბელი გადაწყვეტილების მიღებაზე. მე ვაცნობიერებ იმას, რომ მოსამართლეს აქვს საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალი ნდობა და პრინციპში მართლმსაჯულების მიმართ ნდობა იმ თვალსაზრისით, რომ ის გარკვეული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასამართლოში მიიღებს ადეკვატურ, ეფექტურ მართლმსაჯულებას.

ჩემი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული საქმის განხილვისას არის ის, რომ ვიყო მაქსიმალურად გულმოდგინე, დეტალურად შევისწავლო თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის გავეცნო ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას და პრობლემური საკითხის წამოჭრის შემთხვევაში აუცილებლად ვეცნობი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.