იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხვალიდან დაიწყება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხვალიდან დაიწყება

იუსტიციის უმაღლესო საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ხვალიდან იწყებს.

17 ივლისს, გასაუბრება, 11:00 საათზე დაიწყება და საბჭო 50-კაციანი სიიდან პირველ ხუთეულს ანბანის პრინციპით გაესაუბრება. ეს კანდიდატები არიან: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი.

საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართება.

„ყოველგვარი სპეკულაცია, საბჭოს წევრების მხრიდან იქნება ეს, თუ სხვა სუბიექტებისგან, რომ პროცესის საჯაროობა არ იქნება უზრუნველყოფილი, ხაზგასმით გეუბნებით, რომ ეს არის დემაგოგია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა ტექნიკური საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფს, გასაუბრების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს, ისე, რომ შეკითხვა არავის დარჩეს საჯაროობასთან და მოსმენის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

საბჭო ყოველდღიურად ხუთ კანდიდატთან გასაუბრებას გეგმავს. ყოველი შემდეგი გასაუბრების თარიღსა და რაოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავად სხდომებზე განსაზღვრავს.

გასაუბრების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.