იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ 17 მოსამართლესთან გასაუბრების პირველი დღე დასრულდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ 17 მოსამართლესთან გასაუბრების პირველი დღე დასრულდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ 17 მოსამართლესთან გასაუბრების პირველი დღე დასრულდა.

საბჭო სამი დღის განმავლობაში 51 კანდიდატს გაესაუბრება, კენჭისყრა კი მას შემდეგ გაიმართება, რაც საბჭო ყველა კანდიდატს გაესაუბრება.

დღევანდელ კანდიდატებს შორის იყვნენ გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები, მათ შორის მოსამართლე შორენა გუნცაძე, რომელმაც გიორგი გიორგანაშვილს ნარკოდანაშაულისთვის რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდა, ასევე კანდიდატებს შორის იყო მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო, ასევე კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე პირველ ინსტანციაში.

გასაუბრების პროცესს მნიშვნელოვნად აფასებს საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ საბჭო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩემთვის დღევანდელი გასაუბრება იყო მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ბევრ საინტერესო საკითხზე მოგვიწია კანდიდატებთან მსჯელობა. წარმატებებს ვუსურვებ ღირსეულ კანდიდატებს და იმედი მაქვს, საბჭო კენჭისყრაზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გასუბრების პროცესს პოზიტიურად აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. მისი შეფასებით, დღევანდელი გასაუბრების დროს დადებითი ტენდენციები გამოვლინდა.

„დღეს გასაუბრებაზე გვქონდა რამდენიმე კარგი მაჩვენებელი. პირველ რიგში, გასაუბრებაზე თითქმის პარიტეტულად გამოვიდნენ მამაკაცები და ქალები. ამავე დროს, თავიდან მეტი გასაუბრება დაიხურა, მოგვიანებით კანდიდატებმა გადაწყვიტეს, რომ არ დახურონ სხდომები სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების მიზნით ძალიან კარგი ნაბიჯია, რომ გასაუბრება იყოს საჯარო“, -განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება ხვალაც გაგრძელდება. საბჭო ხვალ 17 კანდიდატს გაესაუბრება.