იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილთან გასაუბრების დროს სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

კამათი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვამ გამოიწვია. ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატისგან დაინტერესდა, რა რეაქცია ექნებოდა მას,  თუ გამოიკვეთება, რომ უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი კანდიდატს ახლო ნათესაური კავშირი აქვს საბჭოს წევრთან. ამ კითხვამ საბჭოს მოსამართლე წევრთა გაღიზიანება გამოიწვია.

„დემაგოგიას ეწევით”, – ასე მიმართა საბჭოს წევრმა ვასილ მშვენიერაძემ ნაზი ჯანეზაშვილს.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საბჭოს კიდევ ერთმა მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმაც.

„თქვენი კითხვებით საბჭოს დისკრედიტაციას ახდენთ. მცდელობა გაქვთ, რომ მოახდინოთ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის დისკრედიტაცია. ვიღაცამ რაღაც მოგწერათ და ჭორის დონეზე ეკითხებით კონკურსანტს, საბჭოს წევრი ირაკლი ბონდარენკო ვიღაცის ნათლია არისო”, – მიმართაა მეთოფიშვილმა ჯანეზაშვილს.

ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრებს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი მოსაზრებები საინტერესო არ არის.