იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შალვა თადუმაძესთან გასაუბრება დასრულდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შალვა თადუმაძესთან გასაუბრება დასრულდა

დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალურ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან გასაუბრება.

გასაუბრების დასრულების შემდეგ შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ პროცესი იყო ყოვლისმომცველი, რაც საბჭოს წევრებს მისცემს საშუალებას, რომ კანდიდატი სრულყოფილად შეაფასონ.

„გასაუბრება იყო ძალიან სერიოზული და ყოვლისმომცველი იმისათვის, რომ შეეფასებინათ კანდიდატი. რამდენად მომეწონა კითხვები, არ არის ჩემი გადასაწყვეტი, რამდენად მოეწონათ პასუხები, ეს არის მათი გადასაწყვეტი და მე იმედს ვიტოვებ, რომ მოეწონათ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მედიასთან, რომ ის განიხილავს საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოშ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება მიმდინარეობს. ამჟამად საბჭო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს უსმენს.