იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმეების ელექტრონულად განაწილების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს ხმაური მოჰყვა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმეების ელექტრონულად განაწილების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს ხმაური მოჰყვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრ მოსამართლეებსა და პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

მოსამართლეებმა დოლიძე თავდაპირველად ორგანიზაცია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” კავშირში დაადანაშაულეს, შემდეგ კი გასულ კვირაში, მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან 10 ციტატა შეახსენეს და უთხრეს, რომ თითოეული მათგანი საბჭოს დისკრედიტაციას ემსახურება.

„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მან 10 ტყუილის თქმა მოახერხა მინიმუმ 3-4 დღეში. საზოგადოებამ წარმოიდგინოს ის 4 წლის განმავლობაში, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში რამდენ ტყუილს მოახერხებს და იტყვის საბჭოს თაობაზე. მისი მიზანი არის ცილისწამება, ის კამპანია, რომელიც მან დაიწყო რამდენიმე ხნის უკან და ჩვენთვის მოსამართლე წევრებისთვის ნამდვილად მიუღებელია, მისი განცხადებები. თითქოს ჩვენი მხრიდან ხორციელდება ცენზურა, არანაირი ცენზურა მის მიმართ არ ხორციელდება. ჩვენი მხრიდან იყო მოწოდებები, რომ იყოს ის ეთიკური მისი კოლეგების მიმართ”,- განაცხადა ლევან თევზაძემ.

დოლიძემ აღნიშნული ბრალდებები ცილისწამებად შეაფასა. გარდა ამისა, სხდომაზე მან პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეების ელექტრონულად განაწილების სისტემაში ცვლილება უნდა შევიდეს.

როგორც დოლიძემ განაცხადა, ამ ცვლილებით თავმჯდომარისთვის ძველი უფლებამოსილების დაბრუნება იგეგმება. მისივე თქმით, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა მოსამართლეთა მხრიდან შეურაცხყოფა.

შეურაცხყოფების მორიგი კასკადი, რომელსაც მოსამართლე წევრები იყენებენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის მიმართ, ამ შემთხვევაში დაიწყო იქიდან, რომ მე ვთქვი, შესაძლებელია წარმოდგენილი ცვლილებით დაირღვეს ელექტრონული საქმის წარმოების არსი იმიტომ, რომ კიდევ ახლიდან მივანიჭოთ უფლებამოსილება სასამართლოს თავმჯდომარეებს. ამის შემდეგ საბჭოს მოსამართლე წევრებმა ჩემს განცხადებას, ჩემს პიროვნებას, ერთ შემთხვევაში ჩემს გაღიმებასაც კი მიუძღვნეს ეს ხანგრძლივი განხილვა”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

სხდომის პირველ ნაწილში მომხდარ დაპირისპირებას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხმაური ანა დოლიძის მხრიდან სიცრუის ტირაჟირებამ გამოიწვია.

მიქაუტაძემ მედიასთან ისიც განმარტა, თუ რატომ არის საჭირო საქმეების ელექტრონულად განაწილების წესში ცვლილების შეტანა.

„მოქმედი რედაქციით, ახლად გამწესებულ მოსამართლეებს, რომლებიც სასამართლოში დაინიშნა და არცერთი საქმე არ აქვს, დატვირთვა აქვს 100%-ით გაზრდილი, ანუ 200%-ით ეწერება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ასეთი დატვირთულობის პირობებში, გათანაბრება, ანუ თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება მოხდება წელიწად-ნახევრის შემდეგ. ეს არის უდაოდ ძალიან დიდი დრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოები არის გადატვირთული და ეს არაერთხელ გვითქვამს. საუბარი არის ამ პროცენტულობის 200-დან 300 %-მდე ან 400%-მდე გაზრდაზე”,- განაცხადა მიქაუტაძემ.