იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს დღეს კენჭს უყრიან
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს დღეს კენჭს უყრიან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება. საბჭოს 43 ვაკანტურ ადგილზე არჩევანის გაკეთება 78 კანდიდატს შორის მოუწევს.

კანდიდატებს შორის არიან როგორც საბჭოს მოქმედი წევრები (ოთხი წევრი), ასევე უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში დასახელებული პირები, გახმაურებული საქმის მოსამართლეები და 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონდე კანდიდატები, რომელთაც უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ აღნიშნული კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, გასაუბრება ყველა კანდიდატთან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ დასრულდა. სწორედ ეს გახდა, საბჭოს არამოსამართლე წევრების ბრალდებების საფუძველი. ისინი საბჭოს მოსამართლე წევრებს კონკურსის მიზანმიმართულ გახანგრძლივებაში ადანაშაულებენ და აღნიშნულს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უკავშირებენ.

კენჭისყრა იუსტიციის საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება, სადაც დღის წესრიგით ოთხ საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთა დანიშვნის შესახებ საკითხი.

სააპელაციო სასამართლოში კოლეგიებისა და პალატის წევრთა გადაადგილებაზე საბჭომ გასულ სხდომაზე იმსჯელა. ჯერ უცნობია, ვის განიხილავს საბჭო სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის პოსტზე.

გარდა ამისა, საბჭო იუსტიციის სკოლის მსმენელთა მისაღები კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელებს.

საბჭოს სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.