იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას გიორგი მიქაუტაძე და ნინო სანდოძე გაივლიან
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას გიორგი მიქაუტაძე და ნინო სანდოძე გაივლიან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის გასაუბრების პროცესს. საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხებს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ნინო სანდოძე.

გასაუბრებაზე გიორგი მიქაუტაძისთვის მწვავე კითხვების დასმას გეგმავს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. მისი თქმით, გამოიყენებს ხალხის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას და როგორც საბჭოს წევრი, დასვამს საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს.

საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს კი მიაჩნია, რომ გასაუბრების მიმდინარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმართავენ მოსმენის პროცესს არამოსამართლე წევრები: ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. გვრიტიშვილი ამბობს, რომ თუკი არარელევანტური კითხვები დაისმება, ამან შესაძლოა, იუსტიციის საბჭოს წევრების პროტესტი გამოიწვიოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 32-ს გაესაუბრა. 50-ვე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კი საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის საბჭოში დღეს, 10:00 საათზე დაიწყება.