იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძემ და სერგო მეთოფიშვილმა იკამათეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძემ და სერგო მეთოფიშვილმა იკამათეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თეა ძიმისტარაშვილთან გასაუბრების დროს, ანა დოლიძესა და სერგო მეთოფიშვილს შორის შეკამათება მოხდა.

კერძოდ, საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს კანდიდატი, საკითხზე, როდესაც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებში ღიად არის მითითებული საცხოვრებელი მისამართი მისი და მისი ოჯახის წევრების. საკითხმა დისკუსია გამოიწვია. საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს მონაცემი, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

მსჯელობის დროს, ირაკლი შენგელიას ანა დოლიძემ მის მიერ კანდიდატისთვის დასმული კითხვის გამეორება სთხოვა, რაზეც სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ეს გასაუბრების ფორმატში არ ჯდება, რომ შენგელიამ დოლიძეს „ანგარიშები აბაროს“.

„ბატონო სერგო, თქვენ არ ხართ ამ საუბრის სუბიექტი და თქვენი „შარიკოვშინა“ მთელი საქართველოსთვის კარგად არს ცნობილი. საინტერესო არ არის“, – მიმართა ანა დოლიძემ სერგო მეთოფიშვილს.

მეთოფიშვილმა დოლიძეს უზრდელი და თავხედი უწოდა.

„უზრდელი, თავხედი და უვიცი ხარ შენ! ცოდნა არ გაგაჩნია. „შარიკოვი“ შენ ხარ“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

„რამდენჯერ უნდა გაიმეოროთ? ეს არის „შარიკოვიზმი“, მეტი არაფერი. სასწრაფო ხომ არ გამოგიძახოთ ბატონო სერგო წინასწარ?“- მიმართა ანა დოლიძემ მეთოფიშვილს.

მომხდარს ხმაური მოჰყვა, რის შედეგადაც საბჭოში შესვენება გამოცხადდა.