იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ წევრად მოსამართლეებმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ წევრად მოსამართლეებმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრად 224 ხმით მოსამართლეებმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მოსამართლეებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოსამართლეს ნდობის გამოცხადებისათვის, ვფიქრობ, ჩემი როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წარმომადგენლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის მნიშვნელოვანი. ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა თითოეული მოსამართლის ინტერესები დავიცვა და ჩემი წვლილი ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ განმტკიცდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მარსაგიშვილმა.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე დღეს მხოლოდ ერთ საკითხზე იმსჯელეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ნაცვლად ერთი ახალი წევრი აირჩიეს. მეთოფიშვილს 18 მარტს ეწურება საბჭოში უფლებამოსილების ვადა.

მოსამართლეთა 27-ე კონფერენციაზე საბჭოს ახალ წევრად ღონისძიების მონაწილეებმა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა დააყენეს.