იუსტიციის სამინისტროში „ყაზტრანსგაზთან“ მორიგების შეთანხმებას ადასტურებენ
იუსტიციის სამინისტროში „ყაზტრანსგაზთან“ მორიგების შეთანხმებას ადასტურებენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ყაზახურ სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსგაზთან“ მორიგების შეთანხმების გაფორმებას ადასტურებენ.

„ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 2017 წლის 7 აპრილს უჩივლა. არბიტრაჟი ჰააგაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად მიმდინარეობდა.

„ყაზტრანსგაზი“ ამტკიცებდა, რომ დაირღვა 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ 1996 წელს გაფორმებული შეთანხმებისა და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვდა არაპირდაპირი ექსპროპრიაციისა და სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის დარღვევის ფაქტის დადგენას და მიყენებული ზიანის სახით 187 902 597 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

მორიგების პარალელურად, შეიცვალა „ყაზტრანზგას-თბილისის“ მფლობელი. თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია კომპანიამ „WALTBAY LTD“ იყიდა, რომელიც ქართული „სი ბი ეს ჯგუფის“ საკუთრებაშია.

„სი ბი ეს ჯგუფი“ 2013 წლის 25 მარტს დაარსდა. ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, „სი ბი ეს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანიები არიან „კავკაზუს ონლაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს ,,მობიტელი’’ (,,ბილაინი’’), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“ და TÜV Rheinland. კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.