იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე იმ შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე იმსჯელეს, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი.

ამასთან, კომისიის წევრებმა სავარაუდო კანონდარღვევებზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან ინფორმაცია მოისმინეს.

შესაძლო კანონდარღვევები, რომლებიც კომისიის წევრებმა განიხილეს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ეხებოდა. რადგან წელს უწყებათაშორისი კომისიის მანდატი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვას, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას, ასევე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას მოიცავს.

სხდომა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გოჩა ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გაიმართა და მას ტრადიციულად სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ცესკო-ს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

დღევანდელი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

„უწყებათაშორის კომისიას მივაწოდეთ ინფორმაცია კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე და შესაბამის რეაგირებაზე. ასევე საუბარი იყო იმ უბნებთან დაკავშირებით, სადაც შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლები განახორციელეს და იმ შედეგებზე, რომლებიც გადათვლებით დადგა. ვისაუბრეთ მეორე ტურთან დაკავშირებით შესაბამის სამზადისზე. ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მეორე ტური არ დაუნიშნავს, თუმცა როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკანონმდებლო ჩანაწერიდან გამომდინარე, მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. რომელ მაჟორიტარულ ოლქებში გაიმართება, ამას ცესკო გადაწყვეტს, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რომელსაც ის დაადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ასევე ამ ოქმებთან დაკავშირებით გასაჩივრების შედეგად დადგენილი შედეგების მიხედვით. გარდა ამისა, პასუხები გაეცა იმ შეკითხვებს, რომლებიც კომისიის სხდომაზე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დააყენეს“, – განაცხადა ცესკო-ს უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ ცესკო-ს წარმომადგენელმა, გიორგი კალანდარიშვილმა.