იუსტიციის სამინისტროში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იმართება
იუსტიციის სამინისტროში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იმართება

იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე კომისიის წევრები უშუალოდ წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს განიხილავენ.

დღევანდელ სხდომაზე პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი კომისიის წევრებს იმ ფოტო და ვიდეომასალას წარუდგენს, რომელიც მათიკაშვილის განცხადებით, ადასტურებს, როგორ უშლიან ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის დროს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი კომისიას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აწარმოებს ჭეშმარიტად ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიას. მისგან განსხვავებით, ოპონენტები არ გამოირჩევიან ევროპული მიდგომებით. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ პოლიტიკური ოპონენტი ყოველგვარი უღირსი ხერხით ცდილობს, ხელი შეუშალოს ქალბატონი სალომეს ამომრჩეველთან შეხვედრის გამართვას. არანაირი ეფექტი ამ ხელის შეშლას არ აქვს, თუმცა ის ფაქტი, რომ პროვოკაციებისა და დარღვევების საშუალებით ცდილობს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნებისთვის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაიმყაროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

უწყებათაშორისი კომისია მუშაობას არჩევნების შემდგომაც გააგრძელებს, ვიდრე ცესკო საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო შედეგებს არ გამოაქვეყნებს.

უწყებათაშორისი კომისია რამდენიმე კვირის წინ პროტესტის ნიშნად დატოვა „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფალი საქართველოს” წევრებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. მათი არგუმენტია, რომ კომისია არ ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს და მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს.