იუსტიციის სამინისტროსა და „ევროჯასტს“ (Eurojust) შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება
იუსტიციის სამინისტროსა და „ევროჯასტს“ (Eurojust) შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება

ევროპარლამენტმა 2019 წლის 14 თებერვალს პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი „ევროჯასტის“ (EUROJUST) მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, „ევროჯასტი“ ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან.

საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე,  მეკავშირე ოფიცრების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას. თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

„მოლაპარაკებების პროცესში არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის უმაღლეს დონეზე. იუსტიციის მინისტრის პირველი შეხვედრა „ევროჯასტის“ პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან 2015 წლის 29 სექტემბერს შედგა. პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა 2018 წლის იანვრიდან, როდესაც ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ჰააგაში „ევროჯასტთან“ ოფიციალურ მოლაპარაკებებზე და საქართველოს გადმოეცა ორმხრივი შეთანხმების პროექტი“, – ნათქვამია იუსტციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოსთან ოფიციალური მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი  2018 წლის 16 აპრილს გაიმართა, როდესაც მხარეებს შორის ტექსტის პროექტი შეჯერდა. შეთანხმების პროექტი შესაბამისმა უწყებებმა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გავლით განიხილეს. 2018 წლის 3 ივლისს ქართული მხარის მიერ პარაფირებული შეთანხმების პროექტი მიეწოდა  „ევროჯასტს“ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დოკუმენტის შემდგომი განხილვისა და შიდა პროცედურების გავლის მიზნით.   სააგენტოსთან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს ხელმძღვანელობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

როგორც იუსტციის სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულებთან, კოორდინირებული ბრძოლისათვის.

ევროჯასტსა“ და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადასვლა მიუთითებს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო − ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია; ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას; ეს ნიშნავს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან კოორდინირებულ ბრძოლას; ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას“, – ნათქვამია საქართველოს იუსტციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2015 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკება იუსტიციის სამინისტროსა და  „ევროჯასტს“ შორის ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ დღეს წარმატებით დასრულდა. უახლოეს პერიოდში საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის შეთანხმებას  ხელი მოეწერება საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს გენერალური პროკურორისა და „ევროჯასტის“ პრეზიდენტის მიერ.