იუსტიციის სამინისტროს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის გადასახდელად თანხა გამოეყო
იუსტიციის სამინისტროს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის გადასახდელად თანხა გამოეყო

სახელმწიფო ვაზაგაშვილების ოჯახს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწესებულ კომპენსაციას იმაზე ადრე გადაუხდის, ვიდრე ამას ევროპული კონვენცია და რეგლამენტი ითვალისწინებს, –  ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს აღნიშნული საკითხი და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი თანხა გამოეყო, რომელიც მომჩივან ციალა შანავას ჩაერიცხება.

„საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ იცით, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაგვიდგინა არაერთი დარღვევა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე და 18 ივლისს გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც არა მხოლოდ ითქვა ის, რომ სასჯელები არის ზედმეტად ლიბერალური იმ პირებისამდი, ვინც დღეს საპატიროში არიან ამ საქმეზე, არამედ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ მორალური კომპენსაცია 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარში. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 18 ოქტომბერს. 18 ოქტომბრიდან გვაქვს სამი თვე იმისთვის, რომ გადავიხადოთ ეს თანხა. დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა ეს საკითხი განხილული და იუსტიციის სამინისტროს გამოეყო თანხა, რომელიც იმაზე ადრე, ვიდრე ამას ითვალისწინებს ევროპული კონვენცია და რეგლამენტი, ჩაერიცხება მომჩივანს, ქალბატონ შანავას“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 18 ივლისს გაავრცელა.

დატოვე კომენტარი