იუსტიციის სამინისტროს პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აჭარის მაღალმთიან სოფელ ჭახათში ადგილობრივებს „მობილური იუსტიციის სახლით“ თავად მიაკითხა და  სოფლის მცხოვრებლებს საჭირო დოკუმენტაცია პირადად გადასცა.

პირველი ვინც, სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლა სოფელ ჭახათის მცხოვრები 91 წლის მერიემ დავითაძე იყო. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს,  რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ID ბარათი პირადად გადასცა.

„მობილური იუსტიციის სახლის“ კიდევ ერთი მომსახურებით, სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციით ისარგებლეს სოფელ ჭახათის მცხოვრებლებმა ნუგზარ დავითაძემ და ნანა ტაკიძემ. მათ სამოქალაქო ქორწინება 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გააფორმეს. მათი ქორწინების მოწმეები კი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იყო. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით, სამოქალაქო ქორწინება დავითაძეების ოჯახში რამდენიმე წუთში გაფორმდა.

იუსტიციის სახლის სერვისებს შორის ყველაზე მოთხოვნდი სოფელ ჭახათში კოვიდ ბარათი აღმოჩნდა. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით ადგილობრივებმა ბარათები სოფლიდან გაუსვლელად მიიღეს.  კოვიდ ბარათის აღების მსურველთა რიგში იდგა თორნიკე რიჟვაძეც. მას და ადგილობრივებს საჭირო დოკუმენტაცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად გადასცა.

აჭარის შემდეგ „ მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცეტრიდან დაშორებით მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე ხუთი „მობილური იუსტიციის სახლი“ ექვს რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის. საბოლოოდ კი, პროექტი საქართველოს  ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 მომსახურებას სთავაზობს. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით კი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ყველა ამ სერვისს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. ეს  მათ როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება.