იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება დღეს, 4 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში N15 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
„N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისთვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა ოთხ ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აქტიური ხელშეწყობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.