იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2010 წელს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახისთვის 2013 წელს მინიჭებული კომპენსაცია ადეკვატური იყო
იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2010 წელს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახისთვის 2013 წელს მინიჭებული კომპენსაცია ადეკვატური იყო

2020 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „კეკელაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა, – ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომჩივან თამარ კეკელაშვილის დავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, სხვებს შორის, მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) საფუძველზე შეეხებოდა მისი ძმის – სერგო კეკელაშვილის გარდაცვალებას 2010 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მკურნალობის გამო და რომ მთავრობამ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება.

„კერძოდ, სერგო კეკელაშვილი, 2010 წლის 17 თებერვალს ციხის საავადმყოფოში გადაყვანისა და ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, პერიტონიტის, სეფსისისა და სხვა სერიოზული დაავადებების შედეგად, რომლებიც უკავშირდებოდა სისხლძარღვების დაზიანებასა და ინტოქსიკაციას, 22 თებერვალს გარდაიცვალა.

2011 წლის 23 ივნისს მომჩივანმა დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. ის მოითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას მისი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 2013 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივნის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა (მიანიჭა 10 000 ლარი). გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა თანახმადაც, ქირურგიული ჩარევა იყო დაგვიანებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საბოლოო, აღსრულდა 2014 წლის 25 ნოემბერს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ევროპული სასამართლოს განჩინების თანახმად, სისხლის სამართალწარმოება არ წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის ერთადერთ საშუალებას მოცემულ საქმეში.

„შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პირობებში მოპასუხე სახელმწიფოს მოვალეობაა კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად ეროვნული კანონმდებლობის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფა სამოქალაქო სამართლებრივი კომპენსაციის გზით.

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს კონვენციის დარღვევა და დააკისრეს კომპენსაცია. კერძოდ, მათ დაადგინეს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ხარვეზებს მომჩივნის ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ა) ზედამხედველობაში, მის გაუარესებამდე და (ბ) ციხის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ მისი მკურნალობისას. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ორივე ელემენტი წარმოადგენდა შესაბამისი შიდა რეგულაციების და კონვენციის დარღვევას. დამატებით, სამინისტროს დააკისრეს შესაბამისი ზიანის ანაზღაურება.

ევროპული სასამართლოს აზრით, მომჩივნის საქმეზე კომპენსაციის მინიჭებისას შიდა სასამართლოებმა, სხვა მოსაზრებებთან ერთად, საფუძვლად გამოიყენეს მსგავს საქმეებზე კომპენსაციის მინიჭების პრაქტიკა და მომჩივანს მიაკუთვნეს 10 000 ლარი. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხის ოდენობა იყო გონივრული და სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება – ადეკვატური და ეფექტური, იმის გათვალისწინებით, რომ თანხა, ასევე, გადახდილ იქნა დროულად.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ევროპული კონვენციის დარღვევისთვის კომპენსაცია სახელმწიფოს შიდასამართლებრივი პროცედურებით მიიღო და საჭირო აღარ იყო სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმის შემდგომი განხილვა“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.