იუსტიციის სამინისტრო - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს სისტემის მხრიდან ჩანაწერების შექმნა, დაარქივება და პარლამენტში გასაჯაროება კანონიერად ცნო
იუსტიციის სამინისტრო - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს სისტემის მხრიდან ჩანაწერების შექმნა, დაარქივება და პარლამენტში გასაჯაროება კანონიერად ცნო

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი კანონიერად მიიჩნევს იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას, რომლებზეც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელთა საპატიმროში ვიზიტი იყო ასახული. საქმე ეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 21 იანვრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენის ანგარიშის საპასუხოდ წარდგენილ ვიდეომასალას, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ზედამხედველ უწყებას და იუსტიციის მინისტრს, როგორც საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირს, სრული უფლება ჰქონდათ, დაეცვათ პენიტენციური სამსახურის რეპუტაცია, დაესაბუთებინათ ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობა და წარედგინათ საზოგადოებისათვის საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებები.

„სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის განმარტებით, პენიტენციური სისტემის კანონის ფარგლებში ფუნქციონირება წარმოადგენს საჯარო ინტერესს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამჭვირვალობა და საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, რაც იყო კიდეც აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროების მიზანი.

სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის თანახმად, იმ ვითარებაში, როდესაც საკომიტეტო მოსმენა იყო საჯარო, გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლაციით და მასზე განიხილებოდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოვლენილ ხარვეზებზე, „ცხადია, სამინისტროს, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ზედამხედველ უწყებას, და მინისტრს, როგორც… პარლამენტის წინაშე ვალდებულ პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ისევე როგორც მასში დასაქმებული პირების ინტერესების დაცვისა და სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით ჰქონდათ საზოგადოებისათვის საპასუხო არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება“.

იუსტიციის მინისტრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის მონიტორთან შეხვედრისას გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა, შესწავლილი ყოფილიყო პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალის გადაღებისა და შენახვის, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების მხრიდან – ჩანაწერების გასაჯაროების კანონიერება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვოდეომასალის ჩაწერა-შენახვაც კანონიერად მიიჩნია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.