იუსტიციის სამინისტრო - პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა
იუსტიციის სამინისტრო - პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა

პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

„ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ორი ანგარიში ევროპულ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის გავლენაზე პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციაზე. ერთი ანგარიში – პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, „კოვიდ-19“-ის მოკლევადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე – მოიცავს 2020 წლის პირველი იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდს. ამავე ანგარიშში, საქართველო, მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სისტემაში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როგორიცაა, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მალტა, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია და სან მარინო“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, მეორე ანგარიში – პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, „კოვიდ-19“-ის საშუალოვადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე – 2020 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მოცემულ კვლევაშიც საქართველო სტაბილური ქვეყნების რიგებშია და ისეთი ქვეყნების გვერდით ინარჩუნებს ადგილს, როგორიცაა ავსტრია, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მალტა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშების ბოლო საანგარიშო პერიოდიდან (2020 წლის 15 სექტემბერი), თითქმის ორი თვეა გასული და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის შესაძლო შეღწევის წინააღმდეგ 2020 წლის მარტის დასაწყისიდან პენიტენციური სისტემის მიერ გატარებული კომპლექსური პრევენციული ზომების შედეგად, საქართველოს პენიტენციური სისტემა კვლავ წარმატებით ართმევს თავს „კოვიდ-19“-თან ბრძოლას.