იუსტიციის სამინისტრო - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა
იუსტიციის სამინისტრო - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა

2020 წლის 3-5 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ კომპენსაციის გადახდა არის უპირობო ვალდებულება ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

„ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ კომპენსაციის გადახდის წინაპირობად კვლავ საქართველოდან სიის წარდგენას ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას დაავალა, კომპენსაციის გადახდის თავისებურებებზე ყოველგვარი დამატებითი დაგვიანების გარეშე კონსულტაციები გამართოს მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან და, სხვებს შორის, განხილულ იქნეს ტრანზაქციის საკითხში ევროპის საბჭოს შუამავლად გამოყენების შესაძლებლობა.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე − 2020 წლის ივნისში − ჩანიშნა. ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერსა და 3-5 დეკემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.