იუსტიციის სამინისტრო - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის საკითხები გაუმჯობესდა
იუსტიციის სამინისტრო - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის საკითხები გაუმჯობესდა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, იმ ტენდენციებზეა საუბარი, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით ქვეყანაში არსებობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„ანგარიშში დადებითადაა შეფასებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის შექმნა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან დაინერგა.

მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში გაუმჯობესდა გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის საკითხები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, არასათანადო მოპყრობა (მათ შორის, წინასწარი დაკავების იზოლატორებში); ამასთან, უზრუნველყო დაზარალებულთა ჩართულობა სამართლებრივ პროცესში. ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ანგარიშში აღნიშნავს იმ ძირითად მიღწევებს, რაც ეხება საქართველოს მიმართ საბოლოო რეზოლუციებით დახურულ საქმეებს. კერძოდ, სასამართლოს მანდატურის მიერ პირის დაკავებისას განჭვრეტადი მექანიზმის დანერგვას; საქმის საჯარო განხილვა უკეთ არის გარანტირებული და მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაცულია“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია უკანონო პატიმრობის გასაჩივრებისა და კომპენსაციის მიღების უფლება.

„დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საბჭოთა ეპოქის რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციას ითვალისწინებს. მინისტრთა კომიტეტი დადებითად აფასებს, აგრეთვე, საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით ქვეყანაში მოქმედ მექანიზმებს. დოკუმენტის თანახმად, 2017 წელს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მიმართ აღსრულების ზედამხედველობა 13 საქმეზე დახურა, რაც შარშანდელ მონაცემზე ორჯერ მეტია“,- აცხადებენ სამინისტროში.