იუსტიციის სამინისტრო - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს
იუსტიციის სამინისტრო - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 5 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტმა კვლავ მოიწონა ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

„მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა. მინისტრმა კომიტეტმა მოიწონა, რომ: 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ივანე მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით – 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება 2019 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 1 იანვრამდე; პარლამენტმა დაამტკიცა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულების საკითხი პირველად 2018 წლის 4 დეკემბერს შეაფასა, მოიწონა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.

„მერაბიშვილის საქმის შემდგომი განხილვა 2019 წლის სექტემბრის სხდომაზე აღარ გაიმართება და მას მინისტრთა კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში – ციხიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია. მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში – იკრიბება.

კომიტეტის წევრები, ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები, კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი