იუსტიციის სამინისტრო - ჩვენ მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ასახული
იუსტიციის სამინისტრო - ჩვენ მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ასახული

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მათი უწყების მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაცია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების შესახებ გადაწყვეტილების მე-10 და მე-12 პუნქტებში აისახა, რომლებიც ეხება უშუალოდ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ ტელეკომპანიის წილების ფლობას.

„შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია დავით დვალის ბრალდება, თითქოს იუსტიციის სამინისტრომ არ მიაწოდა ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის დამფუძნებლების შესახებ და 2017 წლის 9 დეკემბრის პრესრელიზში არასრულად წარმოადგინა ის კითხვები, რითაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიმართა.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს:

– იუსტიციის სამინისტროს გამოქვეყნებულ რელიზშივეა განმარტებული, რომ საქმეში „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ იყო 4 მომჩივანი – შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“; 2. შპს „ტელეკომპანია საქართველო“; 3. ლევან ყარამანიშვილი; 4. გიორგი ყარამანიშვილი. ქართულად თარგმნილი კითხვები კი ეხება მხოლოდ პირველ მომჩივანს – ე.ი. „რუსთავი 2“-ს. შესაბამისად, რელიზში განმარტებული იყო, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დასმული ყველა კითხვა არ იყო ქართულად თარგმნილი.

– რელიზში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ყველა სხვა კითხვის ნახვა დაინტერესებულ პირს კონკრეტულ ბმულზე შეეძლო. შესაბამისად, დავით დვალის მიერ „გამქრალად“ მიჩნეული კითხვები იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დევს 2017 წლის 9 დეკემბრიდან და ეს ბმული დღესაც ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დასმული ყველა კითხვა იუსტიციის სამინისტრომ წერილის მიღებისთანავე გაასაჯაროვა და ის დღესაც საჯაროა (იხ.: http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=7581).

– იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს დეტალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია მიაწოდა კომპანიის დაფუძნებიდან ბოლო მესაკუთრემდე წილების გადაცემისა და სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. კერძოდ, სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.

– იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების შესახებ, სამინისტრომ 2018 წლის 16 აგვისტოს წერილობით აცნობა ბატონ დვალსა და აქიმიძეს (იხ. მიმაგრებული დოკუმენტი), რასაც თავის ინტერვიუში ბატონი დვალიც ადასტურებს.

-იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაცია ევროპულმა სასამართლომ ასახა გადაწყვეტილების მე-10-30-ე პუნქტებში, სადაც მე-10 და მე-12 პუნქტები ეხება უშუალოდ დვალისა და აქიმიძის მიერ წილების ფლობას“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.