იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ თეა წულუკიანის ირლანდიაში ვიზიტზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ თეა წულუკიანის ირლანდიაში ვიზიტზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მედიით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე საუბრობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, თეა წულუკიანის ვიზიტი ირლანდიაში, რომელზეც დღეს ტელეეთერში იყო საუბარი, არ შემდგარა.

„იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დღეს, 15 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მედიასაშუალებამ საინფორმაციო გამოშვებაში მოამზადა მასალა, რომელიც ირლანდიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში იძულებით დაბრუნებას ეხებოდა. კომენტარში ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი აცხადებდა, რომ ქართველების დეპორტაციის საკითხი ირლანდიის ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან დეკემბერში შეათანხმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტისას.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მივლინებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ტელეკომპანიას შეეძლო, დაეზუსტებინა − იმყოფებოდა თუ არა თეა წულუკიანი ირლანდიაში გასული წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, კომენტარი ეთერით ისე გადაიცა, რომ ჟურნალისტი არ დაკავშირებია იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და არ უცდია გადამოწმება, იმყოფებოდა თუ არა ირლანდიაში თეა წულუკიანი გასული წლის დეკემბერში. შედეგად, „რუსთავი 2“-ის მაყურებელმა მოისმინა ცრუ ინფორმაცია თეა წულუკიანის ვიზიტზე ირლანდიაში, რომელიც არ შემდგარა, და ამ არარსებული ვიზიტისას განხილულ საკითხებზე.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ თეა წულუკიანის ბოლო ვიზიტი ირლანდიაში შედგა 2014 წლის 8-9 მაისს. მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არ ჩათვალა საჭიროდ იუსტიციის მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფაქტის გადამოწმება და ტელევიზიის მაყურებელმა ეთერიდან მოისმინა ცრუ ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.