იუსტიციის სახლში ერთიანი შეფასების ევროპული სისტემა ინერგება
იუსტიციის სახლში ერთიანი შეფასების ევროპული სისტემა ინერგება

იუსტიციის სახლში ერთიანი შეფასების ევროპული სისტემა ინერგება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში იუსტიციის სახლი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირში შექმნილ და აპრობირებულ ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს.

ერთიანი შეფასების სისტემის (Common Assessment Framework, CAF) დანერგვა გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

ერთიანი შეფასების სისტემის (СAF) დანერგვის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით თბილისში ღონისძება მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მასპინძლობს. შუალედური შედეგების წარდგენას საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელი სუზი სტერნი ესწრებიან. ღონისძიებაში ასევე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერთიანი შეფასების სისტემის ექსპერტები – ნიკ თიისი და გიორგი ვაშაკიძე მონაწილეობენ.

ერთიანი შეფასების სისტემა (СAF) სპეციალურად საჯარო სექტორისთვის შემუშავდა. ევროკავშირის ქვეყნებში მას 4500-მდე საჯარო უწყება იყენებს, ხოლო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მისი დანერგვა და გამოყენება საქართველოს იუსტიციის სახლით დაიწყება.

იუსტიციის სახლში CAF სისტემის დანერგვა 2019 წლის იანვარში დაიწყო და ამავე წლის ზაფხულში დასრულდება. სისტემის პილოტირება მენეჯმენტისა და თანამშრომლების ერთობლივ აქტივობებს გულისხმობს, ხოლო მის განხორციელებაში ყველა რგოლის თანამშრომელი ჩაერთვება.

ამასთან, იუსტიციის სახლმა მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს და კონსულტაცია გაუწიოს ყველა ორგანიზაციას, რომელიც, მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, CAF სისტემის დანერგვას დაიწყებს.