იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება კვლავ განახლებული, წინასწარი დაჯავშნის პრინციპით გრძელდება
იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება კვლავ განახლებული, წინასწარი დაჯავშნის პრინციპით გრძელდება

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება კვლავ განახლებული, წინასწარი დაჯავშნის პრინციპით გრძელდება.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ფილიალებში სერვისებით სარგელობისთვის ვიზიტი წინასწარ 500 000-მდე ადამიანმა დაჯავშნა. იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.

მათივე ინფორმაციით, სერვისის მიღება მომხმარებლებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით დილის 09:00-დან – ღამის 12:00 საათამდე შეუძლიათ. სხვა ფილიალებში კი მომსახურების მიღება დილის 09:00-დან – საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

„სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა.

მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და საჭიროების შემთხვევაში პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: – ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge; – დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს; – წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; – ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება; – ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები; -მომხმარებელს არ სჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტის საშუალებით გაეგზავნება; – იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს იღებენ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის. ასევე იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. აღნიშნული პირები მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის პირველადად აღების; ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ადგილზე მომსახურების მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული უფლებამოსილი უწყების თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ადგილზე მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების კომფორტსა და საჭიროებებზე ზრუნვა პირველი რიგის პრიორიტეტია და იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობას მომავალშიც განაგრძობს“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში.