იუსტიციის სახლსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი შეთანხმება გაფორმდა
იუსტიციის სახლსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი შეთანხმება გაფორმდა

იუსტიციის სახლი და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) აგრძელებენ მრავალწლიან თანამშრომლობას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით და ამ კუთხით 15 ნოემბერს ახალი შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.

მათივე ცნობით, შეთანხმების წერილს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ და საქართველოში UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, დაგლას უებმა.

„ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს იუსტიციის სახლის 200-ზე მეტი თანამშრომლის გადამზადებას, რის შედეგად ისინი კომუნიკაციის გაუმჯობესებული უნარებით გაუწევენ მომსახურებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ასევე, ბიზნესანალიტიკის სისტემების ინტეგრირებით, იუსტიციის სახლს შესაძლებლობა ექნება, უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და სხვა რეგიონებში გამოავლინოს არსებული საჭიროებები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სერვისების მიწოდება. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის საინფორმაციო მასალის შექმნა და მიწოდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე მნიშვნელოვნად აამაღლებს ცნობიერებას აღნიშნულ ჯგუფებში სახელმწიფო სერვისების შესახებ. პროექტის სამიზნე რეგიონებს წარმოადგენს კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და გურია“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.