თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტების გამო, იუსტიციის სახლის თელავის ფილიალი ორი დღით დაიკეტა
თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტების გამო, იუსტიციის სახლის თელავის ფილიალი ორი დღით დაიკეტა

თვითიზოლაციის წესების დარღვევის ორი ფაქტის გამოვლენის გამო, იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში სამუშაო პროცესი 17 და 18 მარტს, ორი დღით შერჩერებულია. ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.

მათი ცნობით, იუსტიციის სახლში, თვითიზოლაციის წესების დარღვევით, გუშინ 16 მარტს ორი მოქალაქე გამოცხადდა სერვისის მისაღებად. მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვიეს, პოლიციის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს.

„იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში დაუყოვნებლივ დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რომლის დასრულების შემდეგ, ფილიალი მუშაობას 19 მარტიდან განაახლებს. ანალოგიური მიზეზით, მიმდინარე წლის 16 მარტიდან, ერთი კვირით დაიხურა გლდანის საზოგადოებრივი ცენტრიც.

იუსტიციის სახლი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებს. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და მომსახურების დარბაზებში ხალხმრავლობის განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა. სივრცეებში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მოსული მოქალაქეების თანმხლები პირები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად გამოცხადდებიან.

სპეციალური ჯებირები დამონტაჟდა ასევე თბილისის იუსტიციის სახლის „ჯასთ-დრაივისსარკმელებთან, სადაც 14 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, მზა დოკუმენტების გაცემა ხორციელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მომსახურების სივრცეში ხალხმრავლობის შეზღუდვას უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის იუსტიციის სახლში დასრულდა ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე, საკონსულტაციო და უცხოენოვან მომხმარებელთა სივრცეებში მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი. მინის ბარიერით თბილისის იუსტიციის სახლის 328 მაგიდა აღიჭურვა. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომების მიღება იუსტიციის სახლმა მიმდინარე წლის 2 მარტიდან დაიწყო:

· რეგულარულად ხორციელდება მომსახურების დარბაზებისა და სამუშაო ოთახების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია;

· დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება;

· სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით;

· მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დისტანციის გაზრდის მიზნით, ყველა მაგიდასთან კლავიატურა დაგრძელებული სადგამით აღიჭურვა, რაც სრულად უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ერთმეტრიან დისტანციას.

აღნიშნული ღონისძიებები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება.

იუსტიციის სახლი მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში.