იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი სოციალური პროექტის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია აგორდა
იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი სოციალური პროექტის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია აგორდა

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი სოციალური პროექტის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია აგორდა.

„იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს ერთ-ერთი სოციალური პროექტის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახორციელებს პროექტს „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად, რომელიც ახალშობილის პირველი დოკუმენტია, იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთებს და ფულად ვაუჩერს.

იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა.

კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი „გეფასთან“ ერთად გასცემს საჩუქრებს. დღემდე, მოქმედი პროექტით 15 000 პირმა უკვე ისარგებლა. გუშინ კი, იუსტიციის სახლმა სს „გეფასთან“ განაახლა მემორანდუმი და პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო გახდა.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ პროექტის დისკრეტიდაცია სცადეს, რომლითაც 2016 წლიდან დღემდე 15 000 პირმა უკვე ისარგებლა.

იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 25 ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებითვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა.

ინფორმაციისთვის, პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს:

·         სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

·         სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.