იუსტიციის სახლი დღეს იქამდე იმუშავებს, ვიდრე ბოლო მომხმარებელი სასურველ მომსახურებას არ მიიღებს
იუსტიციის სახლი დღეს იქამდე იმუშავებს, ვიდრე ბოლო მომხმარებელი სასურველ მომსახურებას არ მიიღებს

იუსტიციის სახლი დღეს იქამდე იმუშავებს, ვიდრე ბოლო მომხმარებელი არ მიიღებს სასურველ მომსახურებას, – ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სახლი ყველა მსურველს გაუწევს მომსახურებას და არ გეგმავენ რეგისტრაცია ხვალისთვის გადაავადონ.

„იუსტიციის სახლს დღეს ჩვეულზე მეტი მოქალაქე ესტუმრა ორი კონკრეტული მიზეზით. სამწუხარო ის არის, რომ ბოლო დღეს მოხდა მოქალაქეთა მოზღვავებული რაოდენობის მოსვლა. 1-ელ ოქტომბერს იწურება ტაქსების ლიცენზიების გაცემის ვადა და ასევე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვადა იმ პირებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის 381-ე დადგენილების ჩამონათვალში. ეს არის მავნე, საშიშპირობებიანი საქმიანობის განმახორციელებელი პირები.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სწორედ ბოლო დღეს მოგვმართეს, თუმცა იუსტიციის სახლი ბოლო მომხმარებლის გასტუმრებამდე იმუშავებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოსულია ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად, ჩვეულებრივად მიიღებს ამ მომსახურებას. სამუშაო დრო სრულდება 18:00 საათამდე, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ ბოლო დღეს მოგვმართა ასეთი რაოდენობის ხალხმა, ჩვენ შევეცდებით, შევიდეთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაში და სანამ ჩვენი უკანასკნელი მომხმარებელი არ მიიღებს მისთვის სასურველ მომსახურებას, იქამდე მოვემსახურებით ამ ხალხს, რადგან გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოქალაქეებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ, დროულად მიიღონ თავისთვის სასურველი სერვისი.

18:00 საათზე კარის დაკეტვას და მოქალაქეების გარეთ დატოვებას არ ვაპირებთ. ხვალ იუსტიციის სახლი მუშაობს, მაგრამ არა საჯარო რეესტრის მიმართულებით, შესაბამისად, დღეს არის ბოლო დღე, როდესაც იუსტიციის სახლში არის შესაძლებელი მოსვლა და ამ მიმართულებით იმ განსაზღვრული პირების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. დღეს დავაკმაყოფილებთ ნაკადს. ვმუშაობთ ბოლო მომხმარებლამდე“, – განაცხადა აზაურაშვილმა.

იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება. უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. აღნიშნული სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.