იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა
იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა

დღეიდან იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა. ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას.

„ასევე, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინასწარი დაჯავშნის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, ერთკვირიანი მოლოდინი იყო საჭირო. რიგის მართვა ხორციელდება კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი.

იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს. ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 2 600 -ზე მეტ მომხმარებელს, რაც წინასწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა. ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია“, – აღნიშნულია, იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.