იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძესთან გასაუბრება ხმაურის ფონზე წარიმართა
იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძესთან გასაუბრება ხმაურის ფონზე წარიმართა

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმინეს.

ყველაზე ხმაურიანი გასაუბრება დღეს ბოლო კანდიდატთან შედგა. ვლადიმერ კაკაბაძეს საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

„დიდი ფასეულობა არის ის, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ექმნებათ შთაბეჭდილება, როგორი მოსამართლეები ჰყავთ მათ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა უყუროს ამ ლაივებს და ნახოს უკვე არსებულ სისტემაში, უკვე არსებულ თანამდებობებზე როგორი მოსამართლეები განსჯიან მათ ბედს. ამას არანაირი კომენტარი არ სჭირდება. ყველა თავად ნახავს, როგორი კომპეტენციით, როგორი ემოციური თავშეკავებით, თვითკონტროლით ხასიათდებოდნენ გამსაუბრებლები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, წინასწარ ცნობილი იყო, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, გასაუბრების დატოვებას აპირებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა, რაც გასაკვირია.

„ჩემდა გასაკვირად, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე დარჩნენ ბოლო კანდიდატთან გასაუბრებაზე. ვერ ავხსნი. ორი ვარიანტია – ან ადგილი აქვს შერჩევით მიდგომას კანდიდატებთან, რაც სამწუხაროა. თვითონ აპროტესტებენ იმას, რომ დისკრიმინაციული მიდგომა უნდა გამოირიცხოს. მეორე – შეიძლება, დააინტერესათ ჩემმა წინადადებამ, რომ საბჭოს წევრები და აპარატი მიიღებენ მატერიალურ ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ისინი აპირებდნენ დღეს საღამოს სამუშაო საათების ამოწურვისას გასაუბრების პროცესის დატოვებას. კაკაბაძის მოსმენა დაიწყო შვიდის ათ წუთზე. ისინი ისხდნენ დიდხანს, პროტესტი არც გამოუთქვამთ, მათი კითხვების დასმა დაიწყო 20:00 საათიდან“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კანდიდატების მოსმენა ხვალ, 10:00 საათიდან განახლდება.