იუსტიციის საბჭოს სხდომა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკით დაიწყო
იუსტიციის საბჭოს სხდომა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკით დაიწყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკით დაიწყო. განცხადება საბჭოს მოსამართლე წევრებმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა გააკეთეს.

მათ გააკრიტიკეს ომბუდსმენის ანგარიში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებით, ანგარიშში კეთილსინდისიერი მოსამართლეების დისკრედიტაცია მოხდა.

„სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი ტყავაძის დისკრედიტაცია ხდება.  გიორგი მშვენიერაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას არ ჰქონდა მოსამართლის მაგისტრის ხარისხი, რაც სიცრუეა. ეს სახალხო დამცველის ანგარიშშიც კი არ წერია. ხმაშეწყობილად მოქმედებენ სახალხო დამცველი და არასამთავრობოების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მშვენიერაძე,“- განაცხადა გვრიტიშვილმა, რომლის ინფორმაციითვე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ მოსამართლე ტყავაძე დაუკავშირდა მშვენიერაძეს და განუმარტა, რომ მაგისტრის ხარისხი გააჩნია. გვრიტიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, პოსტი კვლავ დევს მშვენიერაძის გვერდზე და ის დამატებით, მოსამართლის ზარებს აღარ პასუხობს.

მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიში ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.

„სახალხო დამცველი მოწოდებულია კონსტიტუციით, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, გიორგი ტყავაძეც ადამიანია. სამწუხაროა, რომ უფლებადამცველი გადაქცეულია გარკვეული ინტერესების გატარებით და ამგვარ ქმედებებს ახორციელებს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონტრშენიშვნებს გამოაქვეყნებს და საბჭოზე გაიტანს.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ ანგარიშში ჩაიწერა ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ტყავაძე ცალსახად აფიქსირებს, რომ ქონებრივ დავაში ის არ ყოფილა მხარე, ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით კი, მოსამართლე დადანაშაულებულია, რომ ტყავაძემ დამალა განათლების სამინისტროსთან დავის ფაქტი.

გვრიტიშვილის თქმით, გიორგი ტყავაძის მაგისტრის ხარისხი განათლების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურის მიერ არის აღიარებული.

„გიორგი ტყავაძეს მაგისტრის ხარისხი განათლების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უღიარა უპრობლემოდ. ლომჯარიას წარსულს შეგახსენებთ – ის იყო არასამთავრობო ორგანიზაციებში. იმ დროს, მას ჰქონდა დაპირისპირება სატელევიზიო დებატებში გიორგი ტყავაძესთან და ეს ანგარიში არის მოქმედი მოსამართლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია“,- განაცხადა მეთოფიშვილმა.

სერგო მეთოფიშვილმა არასამთავრობოებს „პოლიტიზირებული ენჯეოები“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები არიან.

„როდესაც ასეთი თავდასხმა ხდება ომბუდსმენის მხრიდან, უნდა მოხდეს რეაგირება საბჭოს მხრიდან. გამოვიტანოთ შენიშვნები საბჭოზე. მოდაშია დღეს ტალახის სროლა. ესვრიან ტალახს კეთილსინდისიერ მოსამართლეს. ხშირად თაღლითობის გზით ხდება ეს”, – განაცხადა მეთოფიშვილმა.