იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები  ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს საბჭოს მოსამართლე წევრებმა. ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ და მას უპასუხისმგებლო უწოდეს.

საუბარია ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებაზე, სადაც აცხადებს, რომ გასაუბრებაზე დასმული კითხვების მიხედვით ნათლად ჩანს, „ვისთან არიან შეთანხმებული საბჭოს წევრები წინასწარ და ვისთან არა“.

ჯანეზაშვილის განცხადების შეფასებისას, საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ არამოსამართლე წევრები ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ პროცესს.

„მინდა გაოვეხმაურო ქალბატონი ნაზიბროლას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ გასაუბრებაზე დასმული კითხვების მიხედვით ნათლად ჩანს, ვისთან არიან შეთანხმებული წინასწარ და ვისთან არა. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება.

ფაქტიურად ცდილობთ ჩრდილი მიაყენოთ ამ პროცესს, იმდენად ხართ ამ სურვილით შეპყრობილი, რომ ყველაფერს კადრულობთ. რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, ეს როგორ უნდა იკადროთ, ვისთან ვართ შეთანხმებული? რა კითხვებს სვამთ? ჩვენ რომ კითხვებს ვსვამთ, იმის მეასედი სირთულის კითხვებს ვერ სვამთ თქვენ და არ სვამთ. მაგრამ დაკვეთა გაქვთ ასეთი, მითითებები გაქვთ მოცემული, რომ ასეთი რაღაცები უნდა იძახოთ“, – მიმართა ირაკლი შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს.

ჯანეზაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, საბჭოს წევრი რეზო ნადარაიაც. მისი თქმით, პროცესის დამკვირვებლები, საკუთარ დასკვნებს გააკეთებენ.

„პროცესის დაწყების დღიდან, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცდილობენ, ამ პროცესის მაქსიმალურ დისკრედიტაციას. მადლობას ვუხდი ოდირი-ს წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, რომ ამ პროცესით დაინტერესებულები არიან. დოლიძესა და ჯანეზაშვილზე ბევრად უკეთესი იურისტებიც გვესწრებიან და ისინი აკეთებენ დასკვნას. საზოგადოება გააკეთებს საბოლოო ჯამში დასკვანას“, – განაცხადა ნადარაიამ.

ჭორაობა უწოდა ჯანეზაშვილის განცხადებას საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ბონდარენკომ.

„ასეთი ჭორაობა და საზოგადიებასთან ასეთი ურთიერთობა მართლაც გვაჩენებს იმას, რომ რა პასუხისმგებლობით ეკიდებიან ეს ადამიანები ამ მნიშვნელოვან პროცესს. არ შეიძლება შენს ხალხს ასეთი ჭორაობის ენით ესაუბრებოდე. ცოტა მეტად მოუხმონ ჭკუას და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პრცესს“, – განმარტა ირაკლი ბონდარენკომ.

დატოვე კომენტარი