იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდიტებთან დღევანდელი გასაუბრების დასრულებაზე  ნაზი ჯანეზაშილის ინიციატივას არ ეთანხმება
იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდიტებთან დღევანდელი გასაუბრების დასრულებაზე ნაზი ჯანეზაშილის ინიციატივას არ ეთანხმება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გასაუბრების პროცესზე ინიციატივით გამოვიდა, დღეს მესამე კანდიდატის გასაუბრება აღარ გაიმართოს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა განმარტა, უმჯობესი იქნება კანდიდატებთან გასაუბრება ხვალისთვის გადაიდოს.

„ხომ არ ჯობია სხვა დროს დავიბაროთ კანდიდატი? ვფიქრობ, რომ მეტი გასაუბრება დღეს არ გავმართოთ. არასერიოზულია ღამის 10:00 საათზე გასაუბრების ჩატარება. არსად გვეჩქარება, მშვიდად ჩავატაროთ გასაუბრება და ყველა კითხვა ამოვწუროთ“, – მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრებს.

​ნაზი ჯანეზაშვილის პოზიციას იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილის წინადადება არ გაითვალისწინეს.

სერგო მეთოფიშვილის თქმით, კანდიდატების გასაუბრება დღეს უნდა გაგრძელდეს.

„რა არის არასერიოზულია ამას საზოგადოება განსჯის. არასაერიოზული ის არის, ქალბატონმა ანამ გუშინ რომ დატოვა სხდომა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გონივრულად ვჩქარობთ, ალბათ შეიძლება მართლაც გონივრულად ვჩქარობთ.

ვინც ფიქრობთ, რომ 10:00 საათზე გონივრული არ არის მუშაობა, როდესაც ასეთ პირობებშია უზენაესი სასამართლო მათ მივმართავ, უზენაეს სასამართლოში სისხლის მიმართულებით ერთი მოსამართლე დარჩა. სულ 7 თუ 8 მოსამართლეა დარჩენილი, ეს კატასტროფაა. თითო მოსამართლეს აქვს 400, 500,700, საქმე. წარმოიდგნეთ, ეს რა არის. პირველი ინსტანციის მოსამართლეს აქვს 45 საქმე, ზოგს 120. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს კი 500 საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არც წელს და არც გაისად არ დამთავრდება ვიღაცის საქმე. როდესაც 7-8 წელი დავა გრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო მართლმსაჯულებაზე ადამიანს უარი უთხრა“, – განაცხადა მეთოფიშვილმა. გასაუბრების გაგრძელებია მომხრეა დიმიტრი გვრიტიშვილიც.