იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების თარიღზე იმსჯელებს
იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების თარიღზე იმსჯელებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესარჩევად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან ჩასატარებელი გასაუბრების თარიღზე იმსჯელებს. ამ ეტაპზე საბჭოში კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის მოძიების ეტაპი მიმდინარეობს.
საბჭოს ამისთვის 20 სამუშაო დღე აქვს, რომელიც დაახლოებით ივლისის დასაწყისში იწურება.

უზენაეს სასამართლოს უკავშირდება საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ ინიცირებული საკითხიც, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საორგანიზაციო საკითხებს ეხება.

გარდა ამ საკითხისა, საბჭო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის შერჩევის საკითხზეც იმსჯელებს.

საკითხზე მსჯელობა წინა სხდომაზე დაიწყო. საბჭომ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა და მსურველებს ერთკვირიანი ვადა მისცა პოზიციის დასაფიქსირებლად.

ცნობილია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამ დროისთვის საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელიაა.

იუსტიციის საბჭო დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასა და მოსამართლეთა გადაადგილებაზეც იმსჯელებს.

განსახილველ საკითხებს შორის არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებიც.

საბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, დღის წესრიგით კი 19 საკითხია გათვალისწინებული.