იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებას 26 ოქტომბერს დაიწყებს
იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებას 26 ოქტომბერს დაიწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 26 ოქტომბერს დაიწყებს.

საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 82 კანდიდატს გაესაუბრება.

საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, რამდენიმედღიანი გასაუბრების შემდეგ, კენჭისყრა გაიმართება.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება და მეორე მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ვიწყებთ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას. ამ კვირის ბოლოს, პარასკევი იქნება პირველი დღე, ვფიქრობ, ალბათ ხუთი-ექვსი დღე დასჭირდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა გაესაუბროს 82 კანდიდატს, რომელთაც განაცხადი აქვთ შემოტანილი კონკურსზე, ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ამის შემდეგ, საბჭოს წევრებმა უნდა შეავსონ შეფასების ფურცლები, შემდეგ ეს შეფასების ფურცლები შეფასდება. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა. დაახლოებით სრულად ამ პროცედურამ შეიძლება დაიკავოს 20 დღე, უხეშად რომ გითხრათ“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

გარდა აღნიშნული კონკურსისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკურსი აქვს გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების მისაღებად, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი უკვე დასრულდა, კენჭისყრის თარიღი კი მომავალი კვირის სხდომაზე გახდება ცნობილი.