იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას დაასრულებს
იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას დაასრულებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთან, ლელა ჭინჭარაულთან გასაუბრება გაიმართება.

ლელა ჭინჭარაული ბოლო კანდიდატია, ვისთანაც საბჭო კონკურსის ფარგლებში გასაუბრებას გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, გასაუბრება ყველა კანდიდატთან ამ დრომდე არ დასრულებულა.

საბჭოს არამოსამართლე წევრები პროცესს გაჭიანურებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მოსამართლე წევრები პროცესს უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას უკავშირებენ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. სულ 43 ვაკანტურ ადგილზე 78 კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. კანდიდატებს შორის არიან როგორც საბჭოს მოქმედი წევრები, ასევე უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში დასახელებული პირები, გახმაურებული საქმის მოსამართლეები და 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე კანდიდატები.

რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი ყველა კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ დაიწყება. სავარაუდოდ კენჭისყრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

გასაუბრების პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.