იუსტიციის საბჭო მეორე კვირაა, ტრადიციულ სხდომას არ მართავს
იუსტიციის საბჭო მეორე კვირაა, ტრადიციულ სხდომას არ მართავს

დღეს იუსტიციის საბჭოს ტრადიციული სხდომა არ გაიმართება. უკვე მეორე კვირაა, საბჭო სხდომას არ მართავს.

გასულ კვირას ჩანიშნული სხდომის გადადების მიზეზი საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ სხვადასხვა მიზეზით სხდომაზე არ მისვლა დასახელდა. დღეს კი უცნობია, რის გამო გადაიდო სხდომა.

ტრადიციული სხდომის გადადების მიზეზები უცნობია საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანეზაშვილი საბჭოს წევრია, მისთვის არავის შეუტყობინებია, რატომ არ შედგება დღევანდელი შეკრება. ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრთა ყურადღება ამ ეტაპზე სხვა პროცესებისკენ არის მიმართული, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისკენ.

„მეორე კვირაა, რაც არ ტარდება საბჭოს სხდომა. პირველ კვირას, როდესაც არ ჩატარდა, საბჭოს წევრებმა, მიზეზად, დაასახელეს ის, რომ მათი დიდი ნაწილი ვერ ახერხებდა სხდომაზე დასწრებას. რაც შეეხება ორშაბათის სხდომას, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, როგორც სხვა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი, ჩვენც, არამოსამართლე წევრები ინფორმაციას ვიღებთ ვებგვერდის საშუალებით და ხშირად შეიძლება არც კი გვითხრან მიზეზი, რის გამოც ტარდება ან არ ტარდება სხდომა ან ღონისძიება. ახლა არ ვიცი, სხდომა რატომ არ ტარდება, ამის შესახებ არავის არაფერი შეუტყობინებია. რაღაც სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მათთვის მაინც პრიორიტეტული არის თემები და პროცესები, რომელიც სასამართლოში ხდება და სხვა მხარეს არის მათი ყურადღება მიპყრობილი. მათ შორის არის კანონპროექტი, კანდიდატების თემა და კანდიდატების შერჩევა. რადგან მათ კანონპროექტი არაფერში არ უშლით ხელს, იციან, რომ ისედაც იციან, რომ დამტკიცდება, დღეს შემოთავაზებული ფირმით“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.