იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ინგლისური სამართლის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ინგლისური სამართლის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი ქართული და ბრიტანული იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვას დაეთმო. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტრანსსასაზღვრო ბიზნესსაქმიანობა, ინგლისური სამართლის გამოყენების პრაქტიკა და დავების გადაწყვეტის მექანიზმები, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟი.
ღონისძიების ფარგლებში ბექა ძამაშვილმა მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის მიმართვა გადასცა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის რეგულარული დიალოგის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას.
ფორუმის დასრულების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში ბრიტანელ იურისტებთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
საუბარი შეეხო საერთაშორისო სასამართლოებსა და საერთაშორისო არბიტრაჟებში სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიმართულებით სამინისტროს საქმიანობას. აღინიშნა სამინისტროს როლი როგორც საერთაშორისო დავების მართვისა და სახელმწიფოს წარმომადგენლობის, ისე შესაძლო დავების პრევენციისა და სამართლებრივი რისკების შემცირების მიმართულებით.
ბექა ძამაშვილმა ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესზე. აღინიშნა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ განსახილველი საქმეების რაოდენობის შემცირების ტენდენცია. საუბარი შეეხო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების, მათ შორის მედიაციისა და არბიტრაჟის, შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა ივანიშვილი და არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ანთია.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.