იურიდიული კომიტეტის წევრები თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევაზე იმსჯელებენ
იურიდიული კომიტეტის წევრები თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართება. პირველი მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.

ეკა ბესელიამ თანამდებობის დატოვებისას აღნიშნულ პოზიციაზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა, მანამდე კი ყოფილი პირველი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის განცხადება დააკმაყოფილა. გედევან ფოფხაძეს ვაკანტურ პოსტზე ასარჩევად 17-კაციანი კომიტეტიდან ცხრა ხმა სჭირდება.

გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის იზიარებს ეკა ბესელიას პოზიციას და განმარტავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უმაღლესი სტანდარტით წარიმართოს.

„ადამიანის უფლებათა კომიტეტში ისედაც პირველი მოადგილე ვარ. ასე რომ, ჩემთვის სტატუსის თვალსაზრისით არაფერი იცვლება. ჩემი ერთადერთი ინტერესი არის ის, რაც ეკა ბესელიას პრინციპული პოზიცია იყო. ეს პოზიცია იურიდიულ კომიტეტში უნდა იყოს დაცული. მე იმავე პოზიციაზე ვარ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იყოს ისეთი მაღალი სტანდარტის, რომ არათუ რომელიმე არასამთავრობოს, არამედ არც ერთ მოქალაქეს არ გაუჩნდეს კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს პროცესი უნდა გავიაროთ ხალხთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად და უნდა ვეძებოთ არა ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ცუდები არ არიან, არამედ ისეთი კანდიდატები, რომლებიც ძალიან კარგები არიან“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის კანდიდატურა გააპროტესტეს მისივე გუნდის წევრებმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე ასევე მოიაზრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.

კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. ფრაქცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან კოალიციაში „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.