იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა და დაჩი ბერაიამ იკამათეს [ვიდეო]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, დეპუტატებმა იკამათეს. ერთმანეთს ლევან გოგიჩაიშვილი და დაჩი ბერაია დაუპირისპირდნენ. კამათი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ვატო შაქარიშვილისთვის კითხვის დასმის უფლების მინიჭების საკითხს მოჰყვა.

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დააყენეს საკითხი, რომ დარბაზში მყოფ ვატო შაქარიშვილისთვის მიეცათ საშუალება, კითხვა დაესვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატისთვის. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შაქარიშვილს კითხვის დასმა, შეთანხმებული წესის მიხედვით, რომელიმე დეპუტატის მეშვეობით შეეძლო. ამან დეპუტატების ნაწილი გააღიზიანა, მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია და ლევან კობერიძე. აღნიშნულის გამო, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის.

სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და დაჩი ბერაიაც. გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მოსამართლის გამო მიესაჯა ვატო შაქარიშვილს სასჯელი და მას უნდა მისცემოდა კითხვის დასმის საშუალება. ბერაიამ განაცხადა, რომ საქმიან პროცესში უნდა მომხდარიყო კომიტეტის სხდომის გაგრძელება. მისი გაღიზიანება გოგიჩაიშვილის იმ განცხადებამ გამოიწვია, როდესაც მან თქვა, რომ ბერაია იმ პერიოდში ჩირგვებში იმყოფებოდა.