იურიდიული დახმარების სამსახურმა პროექტის „პარალეგალების“ პრეზენტაცია გამართა
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ანგარიში წარადგინა და ახალი პროექტის „პარალეგალების“ პრეზენტაცია გამართა.
როგორც კუპრაშვილმა აღნიშნა, 2022 წლიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „პარალეგალების“ ინსტიტუტი ამოქმედდება.
იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, პარალეგალი არის პირი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. არ არის პროფესიით იურისტი, თუმცა, გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი სამართლებრივ საკითხებში, აქვს საჭირო ცოდნა და უნარები, მოსახლეობას გაუწიოს პირველადი სამართლებრივი კონსულტაცია.
„პარალეგალები შეიძლება, იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები, რეგიონული და ცენტრალური მედიის ჟურნალისტები, მასწავლებლები, სოფლების ე.წ. უხუცესები ან „აქტივისტები“, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა რგოლის მედიცინის მუშაკები, სტუდენტები, სხვა დაინტერესებული პირები 15 წლის ასაკიდან.
არალეგალობის მსურველი პირები უფასოდ გაივლიან ტრენინგებს და ასევე უფასოდ მოემსახურებიან მოსახლეობას. პროექტი წარედგინა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, სასამართლოს, პროკურატურას, პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს, სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციას, მედიატორთა ასოციაციას. ასევე დონორ ორგანიზაციებს: USAID, UNICEF, COE, OHCHR, UNHCR, UNICEF, UN WOMAN;
პროექტი „პარალეგალები“ ხელს შეუწყობს საქართველოს მასშტაბით ფართო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, გენდერული თუ დისკრიმინაციული დანაშაულის პრევენციას, მართლმსაჯულებაზე წვდომის ეფექტურობას, სამართლიანი, კანონიერი და მშვიდობიანი გარემოს შექმნას“, – აღნიშნულია იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციაში.