იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კამათისა და დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს იმ კანონპროექტის მოსმენა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა.
კამათი კი მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს შორის კანონპროექტის იმ ნაწილის განხილვას მოჰყვა, სადაც განმარტებულია, როგორ უნდა წარადგინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატები. ამ წინადადების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს ექნება მოსამართლეობის კანდიდატის დასახელების უფლება, ხოლო ნომინირებული კანდიდატი პარლამენტს არ წარედგინება, თუ ამას საბჭოს ყველა წევრი გადაწყვეტს.
ამ ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს, რადგანაც მათი განცხადებით, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კოლეგიური ორგანოა, სწორედ ამ სტატუსით უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. ასევე ამ პროექტის მიხედვით, შესაძლოა, პარლამენტმა საბოლოო ჯამში 300-მდე დასახელებული კანდიდატი მიიღოს.
დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველო“ ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
„შენ ცდილობ, რომ მე მომატყუო და ხალხს რას უშვრები, წარმოიდგინე. ეგეთი მანიპულაცია არ შეიძლება“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ოთარ კახიძეს, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენელმა საპასუხოდ ტყუილში სწორედ მმართველი გუნდი დაადანაშაულა.
„შენ ტყუილებზე ნუ ლაპარაკობ, თორემ გაგახსენებ მთელ შენს პერიოდს. რა ტყუილებზე ლაპარაკობ 2012 წლამდე არგუმენტებით რომ მელაპარაკები 2019 წელს და მერე ასე თამამად. არ უნდა მოგვატყუო,.ჩინჩალაძე და მურუსიძე საერთოდ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, რაღაც სახელების მოწებებას რომ ცდილობ, ეგეც ტყუილია. თქვი რა სიმართლე, მაგრამ სიმართლეს როგორც კი იტყვი, მიხვდები, რომ სისულელეა. ეს კანონპროექტი კი არ არის, ორი წინადადებაა და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს შეურაცხმყოფელია. მე მაინტერესებს, რომ ეს სისულელე არ გამოვიდეს სხდომაზე. ეს ყველაფერი არის მანიპულაცია, რომ დღის წესრიგი შექმნათ, იყვიროთ მურუსიძე და ჩინჩალაძე. ეს ორი წინადადება არის სისულელე. ეკა ბესელიამ ის მაინც გააკეთა, რამდენიმე გვერდი მაინც დაწერა, რომ პოლიტიკური მანიპულაციები განეხორციელებინა და თქვენ ეგეც დაგეზარათ. რაღაც ცოტა რეალური მოიტანეთ და ვიკამათოთ რეალურზე და არა იმაზე, რომლითაც ჯერ ჩვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას და მერე ხალხს, რადგან ხალხი გგონიათ ბრბო და არ მოგატყუებინებთ ხალხს. ამისგან ქმნი პოლიტიკურ შოუს, ეს არ უნდა იკადროთ. კლანზე როგორ ლაპარაკობთ თქვენ, კლანი ხართ ზუსტად, რომ სასამართლო დაითრიოთ, რაღაცები ჩაატაროთ იქ და როგორც კი შეატყეთ, რომ ცოტა დამოუკიდებელი გახდა სასამართლო, ეგრევე ბრძოლა დაიწყეთ. 2013 წელს ხმა არ ამოგიღიათ არც ერთს, მურუსიძე რომ გახდა საბჭოს მდივანი. ფიქრობდით, იქნებ ისევ ჩვენი გავლენის ქვეშ დარჩესო“, – მიმართა მდინარაძემ ოთარ კახიძეს.
კახიძემ კი მდინარაძე პოლიტიკური შოუს დადგმაში დაადანაშაულა და სისულელე უწოდა განცხადებას, რომლის მიხედვითაც სასამართლო დამოუკიდებელია.
„ნერვებს გაუფრთხილდი და დაიცავი კორექტულობა, რადგან დოკუმენტი არის შემუშავებული სამი ფრაქციის მიერ, ამაზე ვმუშაობდით ჩვენი გუნდი. რასაც ახლა კადრულობ, არის ცუდი პრეცედენტი. ჯერ ერთი, კოლეგები ვართ, მერე მეორე, პარლამენტში ვართ, მესამე – სასამართლოს მართავს მართლაც ერთი კლანი, ჩინჩალაძე-მურუსიძე, საბჭოში იქნება თუ არ იქნება, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ეს ქვეყანა ჭურში ზის“, – უპასუხა ოთარ კახიძემ მამუკა მდინარაძეს.