იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღესაც გაგრძელდება. დეპუტატები შოთა გეწაძეს მოუსმენენ.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათ კითხვები გეწაძის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მათაც კითხვები გეწაძის საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ.
ამასთან, ოხანაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესში ბოლომდე იყვნენ ჩართულნი.
„ჩვენი ამოცანაა, ყველა დეტალური საკითხი იქნეს შესწავლილი თითოეულ კანდიდატთან მიმართებით. საკმაოდ დეტალურად დავსვათ შეკითხვები, რათა საზოგადოებაში დაგროვებული არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ამიტომ, იმედია ოპოზიცია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღის მეორე ნახევარში ფაქტობრივად საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში, რაც სამწუხაროა, მაშინ, როდესაც მათ აქვთ გამოყოფილი დრო. ამ დროს ისინი ბოლომდე არ ითვისებენ. მოვუწოდებ ყველას, დაესწრონ ამ სხდომებს.
იქნება სამართლებრივი შეკითხვები, ბიოგრაფიასთან დაკავშირებული, მის წარსულ საქმიანობასთან მის პიროვნებასთან. ამ ფარგლებში ვიტრიალებთ კითხვების დასმის დროს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.